უპასუხო ზარი (ნოველა)

“უპასუხო ზარი”
(ნოველა)

როგორც ხდება ხოლმე- ზაზამ ნინო ახლობლის დაბადების დღეზე გაიცნო. გოგო 19 თუ 20 წლისა იყო, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. 25 წლის ზაზა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა, უკვე ოფიცრის ჩინიც ჰქონდა…იმ დღეს მაგიდასთან პირისპირ მოხვდნენ, მერე გაიხსენებენ: ზაზა მთელი საღამო თვალს არ აშორებდა ლამაზ გოგოს, ერთხელ სასმისიც შეუვსო….სხვა არაფერი! ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ. ნინო რას ეტყოდა. თუმცა გრძნობდა ბიჭის დაინტერესებულ მზერას.
როგორც ხდება ხოლმე, იმ ახლობელმა, ვისი დაბადების დღეც იყო, მეორე თუ მესამე დღეს ნინოს რაღაცეები უამბო ზაზას შესახებ- ნაომარიაო, ვაჟკაციაო, ლამაზი და ჭკვიანიო…ზაზას მართლა ვერ დაიწუნებდა ქალი ვერც გარეგნობით, ვერც-სოციალური სტატუსით…ნინო, თითქოს საერთოდ არ ფიქრობდა სიყვარულსა თუ გათხოვებაზე, თავი შეუშვირა ზემოთ აგდებულ ქვას…ჰო, იმ ახლობელს თეონა ერქვა. ჰოდა თეონამ, როგორც ხდება ხოლმე, რამდენიმე დღეში ნინოს უნივერსიტეტში შეუარა, მომენატრეო და სადმე ყავის დასალევად დაჯდომა სთხოვა.
ბარში დასხდნენ. თეონამ, დედაშენი როგორ არისო, მომენატრაო მარინა დეიდა…ნინოს დედა საბერძნეთში ცხოვრობდა და მუშაობდა უკვე რამდენიმე წელი. სხვაზე არაფერზე ვფიქრობო,ნინომ, ორის გარდა: დედაჩემის ჯანმრთელობასა და ჩემს სწავლაზეო…ნინოს მართლა ძალიან უნდოდა, კარგი იურისტი გამოსულიყო, დასაქმებულიყო და დედაც მალე დაბრუნებულიყო ოჯახში.
როგორც ხდება ხოლმე, „მოულოდნელად“ ბარში ზაზა შემოვიდა…თეონამ შორიდან შეამჩნია…გადაეხვივნენ ნათესავები ერთმანეთს…ნინომ მოკრძალებით ახედა სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ზაზას: რაღაცნაირად მოეწონა…მგონი, გაუღიმა კიდეც…ხელს არ შეგიშლითო, ზაზამ. თეონამ ნინოს გახედა და მის მაგივრადაც თქვა, რას ამბობ, პირიქით, ჩვენთან დაისვენეო…
საუბარი თუ კონტაქტი შედგა…ის კი არა, რაღაც ისტორიებიც კი მოუყვეს ერთმანეთს. ნინოს მოეჩვენა, ზაზას უფრო დიდი ხანი იცნობდა. გაიღიმა ნინომ-რამდენიმეჯერ…. უხდებოდა ძალიან ღიმილი…ზაზასაც გაეღიმა ერთ ორჯერ….თეონას ვიღაცამ დაურეკა. უნდა გავიქცეო, სთხოვა ორივეს, იქნებ მოვბრუნდე და მოგისწროთო.
ნინო დარჩა. ბუნებრივად გაცვალეს ტელეფონის ნომრები. მერე ზაზამ ლამის სახლამდეც მიაცილა მისი მანქანით. ნინო უკანა სავარძელზე იჯდა. ხომ არ გეწყინება, რომ ვიმეგობროთ და ხანდიხან შეხვედრაც გთხოვოო…არ ვიციო და ნინომ მანქანის კარი ნაზად მიხურა….
როგორც ხდება ხოლმე, ოთხი თუ ხუთი შეხვედრის მერე ზაზა სიყვარულში გამოუტყდა ნინოს. მოეჩვენა გოგოს თუ მე არ მახსოვს კარგად, მგონი ცოლობაც სთხოვა….ნინო გაშეშებული დარჩა…თითქოს არ ელოდა ზაზასგან ამ წინადადებას. უცებ სახე გაიმკაცრა და…მე ჯერ უნდა ვისწავლოო, ოჯახის შექმნაზე საერთოდ არ ვფიქრობო…თითქოს კატეგორიულადაც უთხრა ბოლოს, მეორედ ეგეთი რამ არ მაკადროო…
სადღაც გაქრა ღიმილი, რაღაცნაირი მოკრძალება, სითბო…
ზაზას კი გაეღიმა, მაგრამ ნინოს მკაცრი სახის დანახვაზე ეს ღიმილი სანდომიან და ვაჟკაცურ სახეზე იანვრის დამდნარი თოვლივით შეეყინა.
….როგორც ხდება ხოლმე, ნინომ ბუტიობა დაიწყო. თეონას შუამავლობამაც ვერ გაჭრა. ზაზა ავღანეთში გაიწვიეს. ნინომ გაიგო და საკუთარ თავსაც კი უმალავდა, როგორ ლოცულობდა გულში, მშვიდობით დააბრუნოს სამშობლოშიო…რაღაცნაირი ჯიუტი გოგო აღმოჩნდა ნინო: ზაზა მოსწონდა, მაგრამ…ჯერ ხომ უნდა ესწავლა, დედაც აქეთ არ იყო და მამამისს კიდე ამ თემაზე ვერავინ შეაწუხებდა. თვითონ ხომ ასი წელი ვერ განუცხადებდა ბატონ ანდრიას, მამა, ვთხოვდებიო!
ორი წელი იყო ზაზა უცხოეთში. ავღანეთიდან ერაყშიც მოუწია სამსახური…ერთი-ორჯერ ჩამოვიდა მცირე ხნით საქართველოში, მაგრამ ნინოსთან მისი ურთიერთობა სატელეფონო კონტაქტს არ გასცილებია…აღარ დასძალებია ბიჭი. ცალკე თავისი ავადმყოფი და მარტოხელა დედის ჯავრი ჰქონდა, მისთვის დამხმარე და მომვლელი უნდა ეშოვა ამ მცირე ხანში და ცალკე იმასაც ფიქრობდა, ისევ უცხოეთში მიწევს წასვლა და ღმერთს მივანდობ ჩემს ბედსო…
…ზაზამ მშვიდობით დაასრულა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, სამხედრო ჩინიც მოუმატეს და სამხედრო აკადემიაში შესთავაზეს დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.
ნინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო ისევ და აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ-სამეცნიერო საქმიანობაში. რამდენიმე უპასუხო ზარის შემდეგ ზაზამაც შეწყვიტა…ნინოს ამბავს აღარც თეონას ეკითხებოდა….
ზაზასგან ყურადღება მიჩვეულ ნინოს ძალიან გაუკვირდა, მერე კი გაუჭირდა აბსოლუტური უყურადღებობა…უკვე 6 თვე გავიდა, მისგან არც ზარი, არც მესიჯი, არც მოკითხვა მოსულა. თეონას კინაღამ ჰკითხა, რა ხდებაო და, სიამაყემ სძლია-ვერ ჰკითხა.
ბატონი ანდრია, ნინოს მამა,50 წელს მიტანებული ჯანღონით სავსე გლეხი გახლდათ: მოწესრიგებული მეურნეობით, ოჯახით, ურთიერთობებით. თავის დროზე, ახალგაზრდობაში 60-70-იანი წლების ბრიტანულ როკსაც უსმენდა თანამოაზრეებთან ერთად. ნინოს დედა სიყვარულით შეირთო- ჩვენში რომ იტყვიან, ახალგაზრდები „გაიპარნენ“ ერთად ცხოვრების მიზნით…ნინოს ტრანსფორმაციები არ გამოჰპარვია…მისი სასიყვარულო ისტორიები არ იცოდა…არ შეუმჩნევია. თუმცა ბოლო თვეების უხასიათობა, ერთგვარი გაღიზიანება ადვილად დაინახა…შეეცადა კიდეც მიზეზების ახსნას…იცოდა, ვერაფერს რომ გაიგებდა, მაგრამ მაინც ჰკითხა ქალიშვილს, რა ხდებაო….ნინომ, უნივერსიტეტში დაძაბული დღეები მაქვსო.
ერთ დღეს ნინოს მოულოდნელად მობილური ტელეფონი დარჩა სახლში. ანდრიას, არ სჩვეოდა, მაგრამ….მაგიდაზე დადებულ ტელეფონს დათვალიერება დაუწყო…კონტაქტები, მესიჯები….ფოტოები….უამრავი სახელიდან ცოტა თუ იყო ნაცნობი…ზაზას საკონტაქტო მონაცემები ეცნო. თეონას მამა უყვებოდა ხოლმე ამ ახალგაზრდა კაცის შესახებ: გმირიაო, ვაჟკაციაო, კაი ბიჭიაო…ანდრიას პირდაპირ ვერავინ შეუბედავდა მაშვლობას…საკმაოდ მკაცრი იყო ამ მხრივ. მაგრამ…ახლა ღრმად ჩაფიქრდა….კარგად აღიდგინა ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო ამ ბიჭის სახელთან…მგონი ერთხელ მისი ჯიპიც კი დაინახა სახლიდან შორი-ახლოს, ნინო რომ მოაცილა….მაშინ ამას ყურადღება არ მიაქცია…
არ უღალატა ინტუიციამ: ნინოს უხასიათობის მიზეზი ეს კაციაო, დაასკვნა. მოდი, დაველაპარაკები, ხომ მშვიდობაა, გავიგებ, მოვიკითხავ მაინცო და…შესაბამის ღილაკს დაადო ცერა თითის ბალიში…ზარის გაშვებისთანავე საკუთარმა „მემ“ ჩასძახა: რას შვრები, ანდრია, ვინ გეკითხება რამეს, ან რა გინდა უცხო ადამიანთან, აფერუმ….უცებ გათიშა…არა მარტო ზარი, -ტელეფონიც….
ზაზა ლექციაზე იყო, ნინოს ზარი რომ შემოვიდა ტელეფონში. გაგიჟდა სიხარულისგან. საოცარმა აღტაცებამ მოიცვა. სამხედრო ისტორიის თემატიკაზე ჰქონდა იმ დღეს ლექცია….დიდგორი, შამქორი….ისე ჰყვებოდა ქართველთა სამხედრო სტრატეგიის შესახებ ამ დიდ ბრძოლაში, თითქოს ისიც იქ ყოფილიყოს, მხარგრძელების თუ ახალციხელების გვერდით….ერთი სული ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა ლექცია კადეტებთან…
დარეკა. სანამ დარეკდა, ოფლი შეიმშრალა, წარბებზე და საულვაშეზე ხელი გადაისვა, თითქოს ამდენი ხნის უნახავი ნინო იქვე ჰყავდა და ქალს უნდა შემოეხედა…ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა…რამდენიმეჯერ დარეკა დღის განმავლობაში…
ნინო უნივერსიტეტიდან ჩვეულებისამებრ გვიან დაბრუნდა, ტელეფონი ისევ იქ დახვდა, სადაც დარჩა…დამტენზე შეაერთა, ათიოდე წუთის შემდეგ ჩართო….მამამისი სახლში არ იყო…ვის გავახსენდიო და…ზაზას დანარეკი იხილა, 10 თუ 12 ზარი იყო შემოსული….გული კინაღამ გაუსკდა სიხარულისგან: უცებ გაიხსენა ყველაფერი…მისთვის ხომ სიყვარული არავის აუხსნია, მასთან ხომ ასე ახლოს არავინ ყოფილა, მამაკაცის სურნელი, თუნდაც შორიახლო, მან ხომ ზაზასგან იგრძნო…დედა, მამა, უნივერსიტეტი….ვინ წამართმევს ამათ? ყველა გამიგებს! ყველა მომიცდის….სარკეში ჩაიხედა: თმები გაისწორა, საკუთარ თვალებს თვალი გაუყარა, გაუღიმა….ეს ის ღიმილი იყო, კი , ის ღიმილი, ზაზა რომ დაატყვევა ამ სამიოდე წლის წინათ…
მობილურმა დარეკა. თავად დარეკავდა ნინო, ზაზას რომ არ დაერეკა…როგორ ხარო? მომენატრეო….მეც! მართლა? დედას ვფიცავარ! მამა სახლში არაა, ახლა ვერ მოვახერხებ, ხვალ როცა გინდა! შემოგევლე! ხომ არ წამეჩხუბები? არასოდეს! მამა შემოდის, მესიჯები მომწერე! კარგი, აუცილებლად!
როგორც ხდება ხოლმე, ზაზა და ნინო დაქორწინდნენ…
უპასუხო ზარის შესახებ კი ანდრიამ იცოდა მხოლოდ და პირველი შვილიშვილის ნათლობის დღეს ღრმად მთვრალმა ქალიშვილს მოუყვა…ნინომ ზაზას უთხრა ყველაფერი. ზაზამ გაიხსენა…იცინეს…ორივეს ის ღიმილი ჰქონდა, ასე რომ მოსწონდათ ურთიერთობის დასაწყისში.


——————————————–
ჯამბულ კოხრეიძე.2018.21.01

Published by jambuliko66

1966-?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create your website with WordPress.com
Get started
%d bloggers like this: